იდეა


5 აგვისტოს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ბლოგი შემექმნა. მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა ჩემში. გარშემო კი თითქმის ყველაფერი შეიცვალა. ზოგი წავიდა, ზოგი მოვიდა, მაგრამ ცხოვრების მთავარი იდეა, რის გამოც ღირს ეს ყველაფერი ჯერაც არ მიპოვნია. მინდა ყველაფერი ვაკეთო ცხოვრებაში, მარტივი ენით რომ გადმოვცე, მინდა რეჟისორიც მე ვიყო და მსახიობიც. მინდა ჩემთვისაც ვწერო და სხვისი შექმნილი პერსონაჟების ცხოვრების სტილიც მოვირგო. ერთი რისი შეცვლაც არ მინდა ალბათ ჩემი სამყაროა, რომელიც სავსეა ფეთქებადი და თავქარიანი ადამიანებით, მაგრამ ყველა იმდენად ჭკვიანია, რომ არავისთვის გიწევს იმის ახსნა, რომ 5 ის შემდეგ ყოველთვის იქნება 6. 
გაგონილი მაქვს იდეალური ფრაზა, თუ შენ თვითონ არ შეცვალა რამე, ყველაფერი იგივე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს დრო კი არა, ადამიანები ცვლიან. ყველას არ აქვს რაღაცის შეცვლის სურვილი ან საშუალება ან საერთოდ არც კი იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ იდეის დაბადება უკვე საინტერესოა. 

წავიკითხე მარჯან სატრაპის ინტერვიუ, რომელიც იმდენად გამაოგნებელი იყო ჩემთვის, რომ საკმარისი მოტივაცია მაქვს შეცვალო ყველაფერი რაც არ მომწონს. მომეცა ძალა დამენახა, რომ შეიძლება დღეს რომანტიკოსი ვიყო და ხვალ მეზიზღებოდეს ყველაფერი რომანტიული, შეიძლება დღეს მოვკვდე, მაგრამ ხვალ ახალი ძალებით დავიწყო ცხოვრება, შეიძლება თავიდან დაიბადო, მთავარია იცოდე რომ თავიდან დაბადება მართლა გინდა, რომ უბრალო ახირება არ არის და გააკეთო ის მთელი გულით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნები ისეთი მოტივირებული როგორიც მე ვარ მაშინ, როცა ვხედავ სურათს, სადაც ბევრი გადაშლილი წიგნი, რვეული და ჰაილაითერია. იდეის დაბადება უკვე ბედნიერებაა, მთავარია მიჰყვე ამ იდეას მანამ, სანამ ამის სურვილი გექნება. სურვილი ხო ერთადერთია, რითაც ყველაფერი იწყება და მთავრდება. ხო, სურვილთან ერთად მონდომება. 

ვცდილობ ჩემს ტვინში ავანთო ნათურა და გავხდე ისეთი ძლიერი და მონდომებული, როგორიც მარჯან სატრაპია, ისეთი მეოცნებე, როგორიც ალისაა, ისეთი კრეატიული, როგორიც გუგლია, ისეთი ენერგეტიკული,  როგორიც რედბულია და ისეთი ამაყი, როგორიც სპორტსმენია, როცა ოლიმპიურ ოქროს ჰკიდებენ კისერზე. 

პ.ს. ვულოცავ ამ ,,რაღაცნაირ ბლოგს” არსებობის 5 წლის თავს და კაცობრიობის იმ დონემზე განვითარებას ვუსურვებ, რომ იდეები არასოდეს ამოიწუროს.